საკონფერენციო თემები


თვითშეფასების გავლენა მოსწავლეთა წარმატებაზე

შესავალი

ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები საუკუნების განმავლობაში სწავლობენ და კამათობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითშეფასება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების დაბალი თვითშეფასება სკოლაში მისვლისთანავე შეიძლება გამოუმუშავდეთ. ამგვარ მოსწავლეებს სწამთ, რომ ვერ შეძლებენ გახდნენ წარმატებული სწავლაში.

მოსწავლეები დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე. ის მოსწავლეები, რომლებისთვისაც ფასეულია სწავლა, პოზიტიურ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.

თავდაპირველად ბავშვის თვითშეფასების  ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მშობელს ეკისრება. დაწყებით კლასებში კი მასწავლებელი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა.აქედან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება მოახდინოს ძალიან დიდი გავლენა მოსწავლეთა  თვითშეფასების  ჩამოყალიბებაზე.

 

მეთოდები და პროცესის აღწერა

ბევრი ბავშვის თვითშეფასება ქვეითდება სკოლაში შესვლის შემდეგ. რადგან, ისინი ხვდებიან სრულიად უცხო გარემოში. თვითშეფასება კი ყალიბდება იმის საფუძველზე თუ როგორ სწავლობენ, როგორ გამოიყურებიან და ჰყავთ თუ არა მეგობრები. კლასში კი არსებობს ორი სახის ურთიერთობა: ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და ურთიერთობები მოსწავლეებს შორის.

განათლების ექსპერტების მიერ არის ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებული მოსწავლეთა თვითშეფასების კვლევის მიზნით.  ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით დაბალი თვითშეფასება აქვთ მოზარდებს 12  წლის ასაკში. საინტერესოა რა ფაქტორები იწვევს მოზარდებში დაბალ თვითშეფასებას. კვლევებმა დადგინა , რომ თვითშეფასება ქვეითდება მაშინ როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები  ხდება მოზარდის ცხოვრებაში. მაგ: ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა, ასევე დაწყებითი კლასიდან საბაზო კლასში გადასვლა.

სკოლაში არის გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ რომელიმე კლასი სუსტია და ეს იარლიყი ამ კლასს სკოლის დასრულებამდე მიყვება. ამის შესახებ მოსწავლეებმაც კი იციან და ხშიარად ამბობენ: ’’ჩვენ ხომ სუსტი კლასი ვართ’’, ‘’ჩვენ მეტი არ შეგვიძლია’’, ‘’მაინც ცუდი შედეგები გვექნება.’’

ამ დროს კი ისმება კითხვა: რა უნდ გავაკეთოთ არსებული სიტუაცის გამოსასწორებლად. გთავაზობთ, რამოდენიმე რეკომენდაციას:

პირველი ნაბიჯი: თუ მიხვხვდებით,  რომ ჩვენს კლასს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების  მიმართ, უნდა გავაგებინოთ რომ არ ვეთანხმებით მათ აზრს.

ნაბიჯი მეორე:  გამოვიკვლიოთ როგორ ურთიერთობენ მოსწავლეები ერთმანეთთან და როგორ ურთიერთობენ პედაგოგთან. უნდა ვიპოვოთ კლასის ერთი  დადებითი მახასიათებელი მაინც  და გამოვიყენოთ იგი პოზიტიურად.

ნაბიჯი მესამე:  შევაქოთ ამ დადებითი მახასიათებელით  ხშირად. ჩვენ მალე შევამჩნევთ, რომ მოზარდები მიიღებენ ამ შექებას და მას სიმართლედ აღიქვამენ.

მნიშვნელოვანია პედაგოგმა დაწყებით კლასებშივე ყურადღება მიაქციოს როგორ ვითარდება მოსწავლეთა თვითშეფასება. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ:

1.ნდობის მოპოვება-მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა არსებობდეს ნდობა. ამისათვის მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, საუბარი. ნდობის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მეს გამოყენება.

იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ, გამოვიყენებ რამოდენიმე ტიპიურ მაგალითს. მასწავლებელი ხშირად მიმართავს მოსწავლეს-‘’შენთვის უკეთესი იქნება ყურადღებით იყო’’, ‘’რასაც აკეთებ ყველაფერი არასწორია’’ ამ შეფასებების მაგივრად სასურველია გამოვიყენოთ:’’მე მსურს, რომ ყურადღებით იყო’’, ’’მე ვფიქრობ შემიძლია,  დაგეხამარო ამის კეთბაში’’.

2.დაარწმუნეთ მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებში-მასწავლებელს შეუძლია გაუძლიეროს მოსწავლეს საკუთარი თვაის რწმენა.ამისათვის გავაკეთოთ წამახალისებელი კომენტარები,ვუთხრათ მოსწავლეს, რომ ჩვენ გვჯერა მისი  წარმატების, ვასწავლოთ მათ როგორ დასახონ მიზანი და იბრძლონ მათ შესასრულებლად.

3.ურთიერთობა მოსწავლეებს შორის-მაღალ თვითშეფასებას  განსაზღვრავს თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს ერთმანეთთან.

ხშირია შემთხვევები როცა მასწავლებელი უშვებს შეცდომას მოსწავლესთან  ურთიერთობაში, რაც პირდაპირ კავშირშია მათ თვითშეფასებაზე. მაგალითად: მასწავლებელი არ უყურებს როცა მოსწავლე გაკვეთილს ყვება, კითხვებს სწრაფად სვამს, აძლევს კითხვებს და თავადვე პასუხობს, მოსწავლეთა პასუხებს იგნორირებას უკეთებს, კითხვებს მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეებს აძლევს. ჩამოთვლა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა შევეცადე მხოლოდ მათი ნაწილი ჩამომეთვალა.

 

იმისათვის რომ ნათელი გავხადო თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის კომენტარს  მოვიყვან შემდეგ მაგალითს:დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა სთხოვა გაეკეთებინა თავიანთი ნახატების  პრეზენტაცია . მასწავლებელს გადაწყვეტილი ჰქონდა შეექო ყველა მოსწავლე. ყველა გამომსვლელს ის ეუბნებოდა-ყოჩაღ, კარგია, მომწონს. ბოლო ბავშვის ნახატების  პრეზენტაციის დროს კი უკვე ბავშვები იძახოდნენ მასწავლებლის სიტყვებს-მომწონს, კარგია. ეს მასწავლებლისათვის გაუგებარი იყო. საქმე იმაშია , რომ   მასწავლებლის კომენტარმა ფასი დაკარგა მოსწავლეებისათვის , რადგან ის ყველასათვის ერთი იყო. სრულიად საპირისპირო შედეგს მიიღებდა თუ გააკეთებდა შემდეგი სახის კომენტრას:რა მშვენიერი და უცნაური ფერებია შენს ნახატზე, რა მხიარული გოგონაა, ნახატზე კარგად ჩანს როგორ იღიმება, მისი დახატვა ადვილი არ არის.

 აქედან დასკვნა,  რომ მასწავლებელი უნდა ცდილობდეს ზუსტი კომენტარი მიცეს მოსწავლეს, იგი უნდა იყოს კონკრეტული და მასში უნდა ჩანდეს როგორ შეასრულა მოსწავლემ დავალება.

შედეგი

დაგებადებათ კითხვა, როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა ყველაფერზე ზრუნვა , როცა სულ რაღაც 45 წუთი აქვს გაკვეთილზე. მოსწავლეთა თვითშეფასებაზე ზრუნვა არა მარტო გაკვეთილზეა საჭირო, არამედ დასვენებაზე. მასწავლებელმა უნდა იმუშაოს მშობლეთან, რათა მოსწავლის განვითარებზე ზრუნვა მოხდეს სახლში, სოციუმსა თუ საზოგადოებაში.

იმისათვის რომ ავამაღლოთ მოსწავლეთა თვითშეფასება საჭიროა მასწავლებელმა ჩაატარიოს გაკვეთილი ან კლასს საათი თვითშეფასებაზე, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული რა არის თვითშეფასება, რა მნიშვნელობა აქვს მას. ასევე საჭიროა მოსწავლეებმა შეავსონ თვითშეფასების სქემები.(იხ SLAID SHOW)

აქვე საჭიროდ ვთვლი ვისაუბრო დაბალი თვითშეფასების  მქონე მოსწავლეების უარყოფით თავისებურებებზე. მაგალითად მოსწავლეს რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება ახასიათებს ემოციური აშლილობა, შფოთიანობს,ასევე აქვს უმადობა, ანორექსია.

ზემოთხსენებული ფაქტორების სწორად წარმათვის შემთხვევაში, წარმატება გარდაუვალია. თუმცა,  ეს სრულად არ ნიშნავს იმას,  რომ მხოლოდ მასწავლებელმა უნდა იზრუნოს მოსწავლის წარმატებაზე. პასუხისმგებლობა აკისრია მშობელსაც.მნიშვნელოვანია მშობლის, ოჯახის როლიც. თუმცა ამ თემის ძირითადი მიზანია აჩვენოს  მასწავლებლის როლი მოსწავლის თვითშეფასების  გაზრდაში. რაც შეეხება მშობელს ეს ცალკე კვლევის საკითხია.

 

 

დასკვნა

ჩემი მიზანი იყო გამეცნო მოსწავლეთა თვითშეფასების მნიშვნელობა და მისი გავლენა მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე და წარმატებაზე.

თანამედროვე  პედაგოგისათვის უმნიშვნელოვანესია გამოიმუშაოს მოსწავლის ადეკვატური თვითშეფასების უნარი. ეს გაუადვილებს მათ დასახონ სასწავლო მიზნები , მიაღწიონ შედეგს და მართონ სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ, მასწავლებლის წარმატება განისაზღვრება მოსწავლის თვითშეფასების დონის მაჩვენებლით. ზემოთ ნახსენები კონკრეტული სიტუაციების  დახმარებით  კი მასწავლებლები ნათლად დაინახავენ საკუთარ გავლენას მოსწავლეთა თვითშეფასებაზე.

ამრიგად, თვითშეფასება არის ბავშვის პიროვნებსი ცენტრალური წარმონაქმნი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  მის სოციალურ ადაპტაციას. ამიტომაც, ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უფროსების მხრიდან, რათა მათ ეჭვი არ შეეპარონ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.      თვითშეფასები გავლენა მოსწავლეთა წარმატებაზე- ( განათლების და მეცნიერების სამინისტრო) თბილისი-2009 წ.

2.      განათლებსი ფსიქოლოგია ( დამხარე სახელმძღვანელო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის) თბილისი 2005 წ.

3.      სწავლა-სწავლებსი ძირითადი პრინციპები განათლებსი დაწყებით საფეხურზე (მასწავლებელთა პროფესიული განვითარებსი ცენტრი-საკითხავი მასალა)

Комментариев нет:

Отправить комментарий

მთავარი გვერდი